вторник, 1 мая 2012 г.

საქართველოში ალბათ ძალიან ძნელია მოიძებნოს ისეთი სკოლები, რომლებიც საუკუნეს არიან გადაცილებულნი. გორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მე-9 საჯარო სკოლა სწორედ რომ საუკუნეზე მეტი ხნისაა. იგი, არც მეტი არც ნაკლები, 136 წელს ითვლის. სკოლა მაღალი ტრადიციების და ლამაზი ისტორიის  მატარებელია.

სკოლაში გამოირჩევა აქტიური მოსწავლეებისა და მასწავლებლების საკმაოდ ძლიერი გუნდით, რომელთა იდეების განხორციელებას ყველანაირად უწობს ხელს სკოლის დირექცია. სკოლის ცხოვრებაში აქტიურ როლს თამაშობს სკოლის თვითმმართველობა და სამოქალაქო კლუბი, რომლებიც მრავალი ღონისძიების, კონკურსის თუ სხვადასხვა სახის შეჯიბრების ინიციატორები არიან. სკოლა განებივრებულია როგორც დაწყებითი საფეხურის, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურების  მოსწავლეების  და მათი პედაგოგების მიერ ჩატარებული  შეხვედრებით და ღონისძიებებით.

თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, სკოლა ერთი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას. სკოლას არ გააჩნია ზემოთ ხსენებული ღონისძიებების ჩასატარებელი შესაფერისი სივრცე - სააქტო დარბაზი. დღეს ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა უწევთ სკოლის ე.წ. ფოიეში, სადაც არა არსებობს მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად ელემენტარული პირობები: არ არის მაყურებლისათვის დასაჯდომი სკამები, რომ აღარაფერი ვთქვათ სცენაზე და სხვა დეტალებზე. ხშირად იმდენად კარგი ჩანაფიქრი თუ იდეა იბადება, რომ სურვილი გვიჩნდება ჩვენი შემოქმედება უფრო ფართო საზოგადოებას  გავაცნოთ, მაგრამ ამაში ძალიან გვიშლის ხელს სააქტო დარბაზი არ არსებობა. 
სკოლას გააჩნია საკმარისი ფართი იმისათვის, რომ ნებისმიერი სახის ღონისძიება, შეხვედრა თუ ტრეინინგი ჩატარდეს კულტურულ გარემოში. აღნიშნული ფართი მდებარეობს სკოლის შენობის ქვედა სართულზე, ე.წ. სარდაფში, რომელსაც აქვს ქუჩის მხარეს გამავალი ფანჯრები.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2003 - 2007 წლებში ზემოთ აღნიშნული ფართი იყო გაქირავებული და მასში ფუნქციონირებდა ე.წ. ,,ფოლკლორის სარდაფი“. აღნიშნულ წლებში სკოლას ზემოთ აღწერილი პრობლემა არ ჰქონია, ვინაიდან ყველა ღონისძიება იქ  იმართებოდა. რამდენიმე წლის წინ  „ფოლკლორის სარდაფი“ გაუქმდა, სწორედ ამ პერიოდიდან აღმოჩნდა სკოლა ამ დიდი პრობლემის წინაშე.  მას შემდეგ ვცდილობთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, მაგრამ მხოლოდ საკუთარი სახსრებით სკოლა თავს ვერ ართმევს და ვიმედობნებთ რომ ამ პროექტის დახმარებით შევძლებთ დამატებითი სახსრების მოძიებას და საჭირო ადამიანური რესურსების მობილიზებას.

ჩვენი სკოლა ამაყად ატარებს დიდი ქართველი მამულიშვილის, იაკობ გოგებაშვილის სახელს, ამ მოღვაწის იდეალი იყო ევროპული საქართველო და ახალი ქართველი. მან შექმნა ქართული ცნობიერების მოდელი ახალი დროისთვის და სკოლას სწორედ ამგვარი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მისია განუსაზღვრა და დააკისრა.

თუ გავითვალისწინებთ რომ, სკოლა სამოქალაქო საზოგადოების მინი მოდელია, მოსწავლე რომელიც შეძლებს სასკოლო პრობლემების გადაჭრას აუცილებლად ჩამოყალიბდება სოციალურად აქტიურ მოქალაქედ, რომელსაც ეცოდინება თავისი უფლება-მოვალეობები, სამოქალაქო პასუხისმგებლობანი და შეეძლება მათი რეალიზება.